თუ სიბიდი პროდუქტებს იყენებთ, მოგზაურობისას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – ის, რაც საქართველოში თავისუფლად იყიდება, სხვა ქვეყანაში შეიძლება, სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. საქართველოში CBD პროდუქტების შეძენა და მოხმარება აკრძალული არ არის, თუმცა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვითარება სრულიად განსხვავებულია.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, რომელ ქვეყნებშია აკრძალული CBD, როგორ მუშაობს აეროპორტის მონიტორინგი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ მოგზაურობისას სიბიდი პროდუქციის წაღება გაქვთ გადაწყვეტილი.
როგორ ამოწმებენ CBD-ს აეროპორტში
მოგზაურობისას ბევრი ფიქრობს, რომ თუ პროდუქტი ლეგალურადაა შეძენილი, მისი გადატანა სხვა ქვეყანაში პრობლემას არ შექმნის. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა.
აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან CBD პროდუქტების შემთხვევაში, შემოწმების გამომწვევი მიზეზი ხშირად თავად შეფუთვაა – თუ ეტიკეტზე „CBD”, „Cannabidiol” ან „Hemp Extract” წერია, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პროდუქტი გამოარჩიონ და დამატებით შეამოწმონ.
აშშ-ში, მაგალითად, TSA (სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია) თუ შემოწმების დროს CBD პროდუქტებს აღმოაჩენს, ვალდებულია, სამართალდამცავებს შეატყობინოს. ფედერალური კანონით, ჰემპის წარმოშობის CBD, რომელშიც THC-ს შემცველობა 0.3%-ს არ აღემატება, ლეგალურია. თუმცა შტატების კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგიერთ შტატში იმავე პროდუქტის გამოყენება შეიძლება, არ იყოს დაშვებული.
ამასთანავე, სითხის სახით CBD-ის გადატანისას TSA-ს სტანდარტული წესი მოქმედებს – არაუმეტეს 100 მლ ერთ კონტეინერში, რომელიც გამჭვირვალე პარკშია მოთავშებული.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებით, CBD შეიძლება ლეგალური იყოს, მაგრამ მისი სხვა ქვეყნიდან შეტანა მაინც აკრძალული ან შეზღუდული იყოს. ანუ, ერთია პროდუქტის ადგილობრივი ლეგალურობა და სულ სხვაა იმპორტის წესები. ამიტომ ორივე მხარე წინასწარ უნდა გადაამოწმოთ.
ევროპა: CBD აკრძალულია?
ევროკავშირში CBD პროდუქტებში THC-ს ნებადართული ზღვარი 0.2%-ია, რაც აშშ-ის 0.3%-იან ლიმიტზე უფრო მკაცრია. თუმცა ევროპის ფარგლებში ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
საფრანგეთში, მაგალითად, მხოლოდ 0% THC შემცველობის CBD პროდუქტებია ნებადართული. იტალიაში THC-ს ლიმიტი 0.6%-ია. გერმანიაში 0.2%-იანი ზღვარი მოქმედებს და CBD ზეთები, კაფსულები და კოსმეტიკა თავისუფლად იყიდება. ესპანეთში კი CBD მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვისაა ნებადართული – საკვებ პროდუქტებში მისი გამოყენება აკრძალულია.
ახალი ამბავი 2026 წლისთვის ისაა, რომ ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) CBD-ს დღიური ნორმის ზედა ზღვრად 2 მგ. დაადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე მაღალდოზიანი CBD პროდუქტები შეიძლება აიკრძალოს ან თაროებიდან მოხსნას. დიდ ბრიტანეთში კი სხვა სიტუაციაა – იქ რეკომენდებული ზედა ზღვარი 10 მგ/დღეშია. ამიტომ ბრენდებს, რომლებიც ორივე ბაზარზე ყიდიან, განსხვავებული ეტიკეტების წარმოება უწევთ.
სად არ უნდა წაიღოთ CBD არასდროს
ამ სიაში ისეთი ქვეყნებია, სადაც ქართველები ხშირად მოგზაურობენ.
არაბეთის გაერთიანებული საემიროები (მათ შორის დუბაი), საუდის არაბეთი, ყატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და ომანი – ამ ქვეყნებში CBD ნებისმიერი ფორმით აკრძალულია. არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტზე წერია „THC-free” თუ არა. საზღვარზე შემოწმებისას, თავად ეტიკეტზე არსებული ჩანაწერი „CBD” ან „Cannabidiol” საკმარისია იმისთვის, რომ პროდუქტი აკრძალულ ნივთიერებად მიიჩნიონ.
პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა წაიღოთ CBD ზეთები, საღეჭი აბები, ვეიპის სითხეები და ნებისმიერი პროდუქტი, რომლის შეფუთვაზე კანაბინოიდია ნახსენები. საფოსტო გზავნილებსაც იგივე წესი ეხება – თუ ონლაინ შეკვეთით CBD პროდუქტს ამ ქვეყნებში გააგზავნით, ამანათი საბაჟოზე გაიხსნება, შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველ ორგანოებს გადასცემენ.
აზიაშიც რამდენიმე ქვეყანა გამოირჩევა მკაცრი მიდგომით. ჰონგ-კონგში CBD სრულად აკრძალულია. მისი ფლობა, მოხმარება ან გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სინგაპურშიც მკაცრი აკრძალვა მოქმედებს. იაპონიაში CBD ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ THC-ს შემცველობა 0.0%-ია.
პრაქტიკული რჩევები მოგზაურობისას
პირველ რიგში, მოგზაურობამდე გადაამოწმეთ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც მიემგზავრებით. ეს ეხება არა მხოლოდ საბოლოო დანიშნულებას, არამედ ტრანზიტულ ქვეყანასაც – თუ დუბაიში გადაჯდომით მიფრინავთ, მაშინ UAE-ის წესები თქვენზეც ვრცელდება.
თუ მიფრინავთ ისეთ ქვეყანაში, სადაც CBD ნებადართულია, მნიშვნელოვანია, რომ თან იქონიოთ პროდუქტის ანალიზის სერტიფიკატი (COA), რომელიც THC-ს შემცველობას ადასტურებს. პროდუქტი უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში, მკაფიო ეტიკეტით. არ გადმოასხათ სითხე სხვა ბოთლში და არ ამოიღოთ შეფუთვიდან – ეს ეჭვს აღძრავს.
ის, რაც ერთ ქვეყანაში ჩვეულებრივი და მისაღები პროდუქტია, მეორეში აკრძალულ ნივთიერებად კვალიფიცირდება. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ამ თვალსაზრისით, მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს.
ინფორმირებულობა საუკეთესო დაცვაა – გადაამოწმეთ წესები წინასწარ და მოგზაურობა უპრობლემოდ ჩაივლის. თუ ვეიპინგთან და ნიკოტინის ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეები გაინტერესებთ, ეწვიეთ ყველაზე სანდო ვეიპ შოპს საქართველოში.
“პოდსის” გამოცდილი სპეციალისტები სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებიან.

